maxresdefault

ფრანგ სოციოლოგ, კულტუროლოგსა და ფილოსოფოს, ჟან ბოდრიარს თავის ესეში, „გლობალური ძალადობა“ განხილული აქვს თანამედროვეობის ის კრიტიკული მხარეები, რომელთა წინაშეც დგას პოსტმოდერნული კაცობრიობა და რომლებიც საკუთარ თავს ავლენენ გლობალიზმის, ძალადობისა და ტერორიზმის გახშირებულ ურთიერთკავშირში.  2001 წლის ნიუ იორკში მოხმდარი ტერორისტული აქტი ყველაზე დიდი ბიძგი აღმოჩნდა იმ გამოწვევების გასააზრებლად, რომლებიც უკვე კარგა ხანია, მწიფდებიან, ხოლო ხვალინდელ დღეს შეიძლება კიდევ უფრო მტკივნეულად და მძაფრად იჩინონ თავი. შესაბამისად, საჭირო პრევენციას წარმოადგენს ამ მიზეზების გააზრება, გაცნობიერება და მათი მოგვარების გზების გამოკვეთა-გათავისება.

პრობლემის არსში წვდომა მისი „ქირურგიული“ ანალიზით იწყება. საჭიროა თითოეული ნაწილის განკერძოებულად განხილვა და საბოლოო ჯამში ერთიან ჭრილში აღქმა. ბოდრიარიც ამას აკეთებს, როცა იმთავითვე უსვამს ხაზს გლობალურისა და უნივერსალურის ერთმანეთისაგან არსებით განსხვავებას. პირველი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ინფორმაციული ხასიათისაა და მასში უმთავრესია ტექნოკრატიული მართვა, მეორე კი წარმოადგენს ადამიანური, განათლებისა და კულტურული პრაქსისის სფეროს; პირველი ციფრების სამყაროა, მეორე კი-სიცოცხლის სამყარო.

ამ შემთხვევაში, გლობალიზაცია წარმოადგენს ბოლო საუკუნეების განმავლობაში ლიბერალიზმისა და სოციალიზმის წიაღში ჩაბუდებული ურჩხულების ტექნოკრატიულ ნაზავს, სადაც ლიბერალიზმმა პიროვნების ავტონომიურობის მოტივით მოახდინა ადამიანების ატომიზირება და ერთმანეთს შორის გაუცხოების დამკვიდრება. ამან, რასაკვირველია, უარყოფითად იმოქმედა ზოგადად პიროვნების განვითარებაზე. სოციალიზმის მეშვეობით კი მზგავსად დამცრობილ ადამიანურობებისაგან შეიქმნა მასა, ბრბო, რითაც კიდევ უფრო წაიწია წინ ადამიანის ნიველირების პროცესმა. გლობალიზაციამ ეს ტენდენცია მეტად დააჩქარა და იგი არა მარტო ადამიანის, არამედ ზოგადად, საზოგადოებებისა და კულტურების დონეზე გავრცელდა.

უნივერსალიზაცია, როგორც პიროვნულობისა და მისი განუმეორებლობის დაცვა-განვითარების გარანტი, უკან იხევს და მის ადგილს იკავებს ამა თუ იმ კულტურის ძალადობრივი რეაქცია საკუთარი თავის დასამკვიდრებლად დამახინჯებული და რადიკალური მეთოდების მეშვეობით. ცენტრისადმი ორიენტირების დაკარგვამ და მისგან მოწყვეტამ უგზო-უკვლო და სტერილური უსასრულობა გამოიწვია; მოცემულმა კულტურულმა, ანუ აწ უკვე უკულტურო უმისამართობამ კი-ღირებულებების აღრევა.

ასეთი ჰუმანურობამინავლებული უსახურობის გარკვეულ წესრიგში მოსაქცევად ბოდრიარს შემოაქვს გლობალისტური ტექნო-სტრუქტურის ცნება, რომელიც თავისი ხასიათით იმანენტურია და განსხვავდება ტრანსცენდენტური ბუნების უნივერსალურისაგან. იგიც ერთგვარი ძალადობრივი ფორმაა, რომელიც ცდილობს გადაფაროს კაცობრიობის მიერ მოკლული ღმერთის კვალი ისე, რომ ხელი შეუშალოს ნებისმიერ რეაქციას, რომელიც შეეწინააღმდეგება საკუთარი ბატონობის დამკვიდრებას. გლობალიზაციის ტექნოკრატიული წესრიგი არის  გლობალური დიქტატი და იგი, საკუთარი ძალადობის ლეგიტიმაციისათვის არ ერიდება ყველა სხვა დანარჩენი ძალადობის ჩახშობას. ამ სისტემის მისწრაფებაა აღმოფხვრას ნებისმიერი ხინჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალისტური პარადიგმის არსებობას.

მეორეს მხრივ, დომინანტური სისტემის საწინააღმდეგოდ გამოდიან ნეიტრალური ხასიათის, მაგრამ თავისთავადობის პრეტენზიის მქონე სინგულარები, რომელთაც გლობალური განზომილება აღიქვამს, როგორც უცხოსა და ბარბაროსულს. და ყველა ის რადიკალური რეაქცია, რასაც ესა თუ ის კულტურა საკუთარი ღირსების დასაცავად, ან რევანშისათვის ამჟღავნებს, ინათლება, როგორც ფუნდამენტალისტური და ტერორისტული. და ეს მაშინ, როცა თვითონ გლობალისტური დიქტატი შეიძლება გაცილებით უფრო მასშტაბურად მკაცრი და დამანგრეველი ხასიათისა იყოს.

სწორედ, კულტურისა და ჰუმანურობის გამოხატულებაა ადამიანთაშორის, საზოგადოებებსა და კულტურებს შორის მადლიერ ურთიერთგაცვლაზე, პატივისცემასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ბოდრიარის აზრით, წარმოშობს საკუთარი არსებობის დამამტკიცებელი ნიშნით სამადლობელი კონტრ-ძღვენის გაცემის შინაგან მოთხოვნილებას. უარყოფილია ეს მოთხოვნილება-უარყოფილია თვითონ ინდივიდუალობა. შესაბამისად, ჰომოგენიზაციის მიერ სხვა პირის განუმეორებლობის უარმყოფელი პროცესის საპასუხო ალტერნატივა ძალადობა ხდება, რაც საკუთარი თავის დაცვისა და მისი გაცხადების, თავისუფლების მოთხოვნისა და მონობის უარყოფის ეპილეპტიკური ფორმაა.

ბოდრიარის მოცემული ესე, „გლობალურის ძალადობა“, არ არის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის რეცეპტი, მაგრამ უდაოდ, წარმოადგენს საკითხის უკეთ გააზრებისათვის მიმართულ და მისი სიღრმისეულად შესწავლის მცდელობას.

კონსტანტინე ვეკუა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s